საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა საუბრის ერთ-ერთი საკითხი, დიდი ალბათობით, იქნებოდა საქართველოში ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ ინიცირებული რუსული კანონი, რომელიც პროტესტის შემდეგ მმართველმა პარტიამ ჩააგდო.
მანამდე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მათ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამასთან, სალივანმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი.
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.