logo
ENG



სამადაშვილი: ვფიქრობ, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეიკრიბება რუსთაველზე

20 ივნ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისს საღამოს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, პანდემიის გამო აქციაზე ვერ მივა იმდენი ადამიანი, რამდენიც სხვა პირობებში მივიდოდა, თუმცა, მისი თქმით, 1 წლის თავზე საზოგადოება ისევ შეიკრიბება, რომ პროტესტი გამოხატონ.

„დღეს იმის გათვალისწინებით რომ ქვეყანაში პანდემიის საფრთხე არსებობს ალბათ აქცია არ იქნება ისეთი ხალხმრავალი, როგორც სხვა პირობებში იქნებოდა. აქცია ჩატარდება ყველა შესაბამისი წესის დაცვით, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეიკრიბება რუსთაველზე, რათა კიდევ ერთხელ, პირველ რიგში,  აღშფოთება დააფიქსიროს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს და გააპროტესტებს 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

„სრულიად საზოგადოება იხსენებს 20 ივნისის ამბებს, იხსენებს იმას, რომ გაფრთხილების მიუხედავად არ შეიძლებოდა აფხაზეთის ომში საქართველოს მხარის წინააღმდეგ მონაწილე გავრილოვის შემოშვება საქართველოს ტერიტორიაზე. ამის მიუხედავად, არათუ შემოუშვეს გავრილოვი მას პურ-მარილი გაუშალეს, კონცერტი გაუმართეს“, - აცხადებს გიოგი კანდელაკი.

დღეს 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი გადაიკეტება, აქცია რუსთაველზე 19:00 საათზე დაიწყება.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოკუპანტი ქვეყნის  დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. კომუნისტური პარტიის წევრ გავრილოვს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიჰყავდა. გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებამ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი გამოიწვია.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. აქციის დაშლის დროს რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა, მათ შორის იყო მაკო გომურიც. სპეცრაზმელების ტყვიებისგან  დაიჭრა 30-მდე ჟურნალისტი.


close დახურვა