ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიების ნაწილის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ მათ იმსჯელეს ყველა საკითხზე, რომელიც ამნისტიის კანონს უკავშირდება.
კანონპროექტი პარლამენტში სამშაბათს, 27 აპრილს უნდა დარეგისტრირდეს, სამოქალაქო საზოგადოება პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან მისი პოლიციელებზე გავრცელება.
სამადაშვილის თქმით, მისი აზრია, რომ პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს.
"ამნისტიის კანონში შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ და მხოლოდ ამნისტირება კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი ზოგადი კი არ იქნება, არამედ იქნება კონკრეტული და შეეხება კონკრეტული მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულ ან მისჯილ პირებს.
მოქალაქეების მხრიდან არის 16 ადამიანი, რომელიც ამ კატეგორიას ექვემდებარება, გარდა ნიკა მელიასი. და საუბარია 3 პოლიციელზე, რომელიც არის ბრალდებული თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის.
საუბარია იმაზე, რა ფორმით უნდა მოხდეს ამნისტიის კანონის გაფორმება.
ჩემი აზრია და ვფიქრობ, რომ ბევრი კოლეგა ამას იზიარებს, რომ პოლიციელების შემთხვევაში ამას უნდა დავამატოთ დაზარალებული მხარის თანხმობა.
ამ ყველაფერზე მსჯელობა გაიმართება კანონის მიღების პროცესში". - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ლელოს ოფისში შეხვედრას დაესწრნენ პაატა მანგჯალაძე და თეონა აქუბარდია სტრატეგია აღმაშენებლიდან, შალვა შავგულიძე, რომელმაც პარლამენტის მანდატი ევროპული საქართველოს სიით მიიღო და შეთანხმებას ხელი მოაწერა, ასევე სალომე სამადაშვილი.
დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.