logo
ENG



სამადაშვილი ნამახვანჰესის თემაზე საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატივით გამოდის

25 მაი 202112:12
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი გამოდის ინიციატივით, ნამახვანჰესის თემაზე შესაბამისმა კომიტეტმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა მოიწვიოს.

მისი თქმით, მოსმენაზე უნდა დაიბარონ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე, პროტესტის მონაწილეები, რომლებიც კითხვების დასმას შეძლებენ.

"დღეს ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, რომ შესაბამისმა კომიტეტმა პარლამენტში მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნება როგორც ქალბატონი ნათია თურნავა, ასევე, გარემოს დაცვის მინისტრი და შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მართავენ პროტესტს უკვე მრავალი დღეა ამ თემასთან დაკავშირებით. შეკითხვები არსებობს, ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ეს არის მათი ვალდებულება და საკომიტეტო მოსმენა მე მეჩვენება, რომ არის ყველაზე სწორი ფორუმი მსგავსი განხილვისთვის", - განაცხადა სამადაშვილმა.

ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე მეორე დღეა, რამდენიმეთვიან პროტესტს თბილისში აგრძელებენ. ისინი ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.


close დახურვა