ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის განცხადებით, რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან და რეესტრში არ დარეგისტრირდებიან.
მათი თქმით, საქართველო არ გარუსდება.
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გადაწყვეტილება უცვლელია: ჩვენ რუსულ კანონს არ დავემორჩილებით და ღირსების შემლახველ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით.
ფონდის ამ გადაწყვეტილების მიზეზიც უცვლელია: რუსული კანონი მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება რუსული კანონის გაუქმებამდე! არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელს კანონის შეჩერების შესახებ უკვე განიხილავს საქართველოს საკონსტოტუციო სასამართლო. მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც.
რუსული კანონი ანტიკონსტიტუციურია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ევროპულ მომავალსა და მოქალაქეთა კეთილდღეობას. რუსული კანონი მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩასა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას.
რუსული კანონი დაუცველს დატოვებს ადამიანებს, რომელთაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. რუსული კანონის პირობებში, ვერ გავიგებთ იმ ადამიანების ხმას, რომლებიც თავიანთ სატკივარს დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით გვაცნობენ. ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ შემთხვევებზე, რომელთაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროებთ.
ჩვენ არ დავემორჩილებით რუსულ კანონს! გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, გავაგრძელებთ ერთმანეთის გაძლიერებას, საქართველოს მოქალაქეების დახმარებას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ არ გავრუსდებით. ეს საქართველოა!" - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში რუსული კანონი უკვე ამოქმედდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციისთვის 476-მა ორგანიზაციამ მიმართა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 30 000 ა(ა)იპ არის დარეგისტრირებული.