logo
ENG



სამუშია კობახიძის განცხადებაზე: სახეზეა აღიარება და ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება

13 მარ 202115:56
3 წუთის საკითხავი
 
სამუშია კობახიძის განცხადებაზე: სახეზეა აღიარება და ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გამოძიება უნდა დაიწყოს.

როგორც ლელო საქართველოსთვის წევრი, ლევან სამუშია განმარტავს, მსგავსი აღიარებით ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტა აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს მართავენ.

„პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ისინი არიან სამართალი, სასამართლო და ისინი მართავენ ყველაფერს. ასეთი აღიარებები იშვიათია, მაგრამ ეს აღიარება სახეზეა და ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. მოვისმინეთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კობახიძისთვის, გახარიასთვის, პოლიტიკური გუნდისთვის იყო ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება გადაწყვეტილება", - აცხადებს ლევან სამუშია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 12 მარტს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ ენმ-ის შტაბში შეჭრის შესახებ პოზიცია 17 თებერვალს, საღამოს ხუთ საათზე შეიცვალა. ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შესახებ კი სასამართლო სწორედ 17 თებერვალს მსჯელობდა, თუმცა განაჩენი გვიან ღამით გახდა ცნობილი.

როგორც ოპოზიციის სხვა წარმოამდგენლები და ნიკა მელიას ადვოკატები ამბობენ, ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებით აღიარა, რომ მმართველი გუნდი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას სასამართლოს განაჩენის არსებობამდე გეგმავდა.

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერია მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც გაიცა მისი პატიმრობის განჩინება. 

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 


close დახურვა