logo
ENG



სამხარაძე ევროკავშირზე: მომზადებულია დოკუმენტი, ვითხოვთ პასუხებს, რა არ შესრულდა

01 სექ 202120:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/01/9zw48ke53oabzm1.jpg

ქართული ოცნების წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირში გასაგზავნად დოკუმენტს ამზადებს და ითხოვს პასუხებს, კონკრეტულად რომელი პუნქტი არ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ. ამაზე სამხარაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. 

მან აღნიშნა, რომ, როდესაც საქმე კრიტერიუმებს ეხება, "ზედაპირულადა განცხადებების გაკეთება არ შეიძლება".

"ბრიუსელში ჩვენი საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში, ჩვენ მომზადებული გვაქვს უკვე დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს თითოეული ამ რეფორმის შესრულების პროცესს და ეს დოკუმენტი დაეგზავნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა საელჩოს და იქნება ამაზე კომუნიკაცია უშუალოდ ბრიუსელში. ამის შემდეგ გვინდა მოვისმინოთ პასუხები, ვითხოვთ პასუხებს, კონკრეტულად რა არ შესრულდა. არ შეიძლება ზედაპირული განცხადებების გაკეთება, ყველაფერში უნდა იყოს კონკრეტიკა, როდესაც საქმე ეხება კრიტერიუმებს, რომელიც უნდა შესრულდეს", - თქვა სამხარაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.

ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 

 


close დახურვა