logo
ENG



სანაიაზე თავდამსხმელი ვაჟა გიგაური კორცხელის ძალადობის მონაწილე გიორგი გიგაურის ახლობელია

25 თებ 202117:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/25/8rjay8kwpw49ybp.png

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე ერთერთი თავდამსხმელი ვაჟა გიგაური კორცხელის ძალადობაში მონაწილე გიორგი გიგაურის ახლობელია. 

სწორედ გიგაური იყო სამი თავდამსხმელიდან ერთერთი, რომელიც სანაიას პროვოცირებას ცდილობდა და ჟურნალისტის თქმით, გამორჩეულად აქტიურობდა.

  • ამ საკითხზე მეტ დეტალს მაყურებელი ფორმულანიუსის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაიგებს.

კორცხელში ინციდენტი 2016 წლის 22 მაისს, შუალედური არჩევნებისას, 53-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს თავს სპორტსმენები დაესხნენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ნიკა მელია და სხვა პოლიტიკოსები სცემეს.  გიგაური სწორედ ამ ინციდენტში მონაწილეობდა, მას სასამართლომ ფულადი ჯარიმა, 4 000 ლარის გადახდა დააკისრა. კორცხელის ძალადობაზე არასათანადო რეაგირებისთვის სახელწმიფოს მწვავედ აკრიტიკებდნენ.

დღეს, 25 თებერვალს, ვაჟა გიგაურთან ერთად, სანაიას თავს დაესხნენ გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი.

ჟურნალისტს თავს გამთენიისას დაესხნენ. ის ოჯახის წევრებთან, მატ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა