logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმი ახალგორის მოსხლეობისთვის ე.წ. საზღვარს ისევ კეტავს

06 თებ 202020:54
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმი ახალგორის მოსახლეობისთვის ე.წ. საზღვარს ისევ კეტავს. ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელი 5 თვიანი უკანონო იზოლაციის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე დღით გაიხსნა. მოსახლეობას პენსიის, სამედიცონო მომსახურების მისაღებად და ნათესავების სანახავად ლიმიტირებული დრო ჰქონდათ. საოკუპაციო რეჟიმი გადასასვლელს დღეს კეტავს, ოკუპირებულ ახალგორში დაბრუნებულებმა ზუსტად იციან, რა მძიმე მდგომარეობა და კრიზისი ელით იზოლაციის პირობებში და არავინ იცის, ეს შეზღუდვა ამჯერად რამდენ ხანს გაგრძელდება 

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ადამიანები,  მომარაგებული  საკვები პროდუქტებით,  მედიკამენტებით და ყველაფრით, რაც არსებობისთვისაა საჭირო  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ვადა დღეს იწურება, სწორედ ამიტომ მათ  ოკუპირებულ ახალგორში ჩასვლა უნდა მოასწრონ, რადგან არავინ იცის ე. წ.  გამშვები პუნქტი კიდევ როდის გაიხსნება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოსკენ გზა ახალგორის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს 24 იანვარს გაუხსნა. ამ ხნის განმავლობაში მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ სამედიცინო საჭიროებით და მოენახულებინათ ახლობლები, თუმცა მათთვის ეს მცირე დრო საკმარისი არ არის.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადასტურებს ინფორმაცის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შესახებ, თუმცა ნუგზარ თინიკაშვილის თქმით შესაძლოა ოსურმა მხარემ გადაწყვეტილება შეცვალოს. 

ახალგორის მიმართულებით ე.წ გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვას ადამიანის მძევლად აყვანად აფასებს 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. თუმცა პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე ქეთევან ციხელაშვილი ვერ საუბრობს. 

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს. ისინი სთხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს - გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე.

უკვე წლებია, საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებს ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევს, დაგვიანებული ან არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხშირია გარდაცვალების შემთხვევებიც.

 


close დახურვა