logo
ENG



საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიმართავს მთავრობას, რუსეთის ე.წ რეფერენდუმები დაგმოს

22 სექ 202213:27
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიმართავს მთავრობას, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმები დაგმოს და საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გაავრცელოს.

ამ თემაზე პარლამენტის წევრებმა თეონა აქუბარდიამ, ხატია დეკანოიძემ, თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა წითლიძემ და ანა ბუჩუკურმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

დეპუტატები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტს, დააფიქსირონ ოფიციალური პოზიცია და შეაფასონ რუსეთის ქმედება, როგორც მორიგი ანექსიის ფაქტი.

"როგორც ცნობილია, რუსეთი აპირებს ოკუპირებული უკრაინის 4 ოლქში ჩაატაროს ე.წ რეფერენდუმები, რაც არის გაგრძელება ყირიმის ანექსიის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შემდგომ უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მორიგი აგრესიული ნაბიჯის. არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, 20 სექტემბრიდან მოყოლებული, გამოეხმაურა ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას და შეაფასა ის, როგორც მორიგი ანექსიის ფაქტი და დაგმო ეს ნაბიჯი.

მიუხედავად ამისა, ჩვენ საქართველოს ოფიციალური მთავრობისგან არც ერთი განცხადება, შეფასება არ მოგვისმენია. შესაბამისად ჩვენ, დეპუტატების ნაწილი მივმართავთ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს წერილობით და მოვითხოვთ მისგან, ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას და შეფასებას, როგორც ანექსიის მორიგ ფაქტს, ასევე მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს, რომ გააკეთოს განცხადება და ასევე შეაფასოს ეს მორიგი უკანონობა და რა თქმა უნდა, მივმართავთ პარლამენტს, თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ პარლამენტმა, შესაბამისი რეზოლუციით თუ განცხადებით შეაფასოს ე.წ რეფერენდუმები. საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს მთავრობამ, უნდა შეაფასოს და დაგმოს რუსეთის მხრიდან ეს მორიგი უკანონო ქმედება და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დუმილი, რომელიც დღემდე არის მთავრობის მხრიდან, აღქმული იქნება როგორც ჩუმი თანხმობა, რუსეთის მხრიდან ამ მორიგ უკანონობაზე", - თქვა თეონა აქუბარდიამ.

***

გუშინ, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?


close დახურვა