ხვალ, 5 ივლისს, საპატრიარქო თბილისი პრაიდის ღირსების მარშის პარალელურად კიდევ ერთ პარაკლისს გამართავს. საპატრიარქოს ცნობით, პარაკლისი 13:00 საათზე გაიმართება.
საპატრიარქო ორი პარაკლისის ჩატარების მიზეზად მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს ასახელებს.
"ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს, ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ: პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13 საათზეც. ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13 საათზე, ისე 17 საათზე", - წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
საპატრიარქო 5 ივლისს, ღირსების მარშის პარალელურად აქციას გეგმავს. მანამდე საპატრიარქომ ჰომოფობიური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ "თბილისი-პრაიდის ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან".
1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ტარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროდან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.
2013 წლის შემდეგ ლგბტქ აქტივისტები რუსთაველის გამზირზე პირველად გაივლიან.
საპატრიარქოს გარდა, ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის თავისუფლება.
თბილისი პრაიდის აქციის მონაწილეების დაცვისკენ სახელმწიფოს მოუწოდა სახალხო დამცველმა. თბილისის მერს, კახა კალაძეს კი ანალოგიური მოწოდებით ამსტერდამის მერმა მიმართა.
1-ლი ივლისის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ასევე ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების კონტრაქციის ფონზე გაიმართა. მათ პრაიდის ღონისძიების მონაწილეებს, მათ შორის დიპლომატებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს.