ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ბათუმის კათოლიკურ კათედრალში მართლმადიდებლური წესით წირავს.
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის, ვინც საბჭოთა დროს ზიანი მიიღო, "კომპენსაციის" გადახდას ემხრობა, რაც ნიშნავს, რომ საპატრიარქო თანახმაა გაფართოვდეს რელიგიური უმცირესობების ის ვიწრო წრე, რომელსაც სახელმწიფო თანასწორობის გაცხადებული მიზნით საბჭოთა დროს მიყენებულ ზიანს უნაზღაურებს.
რელიგიური უმცირესობები, მაგალითად - ორმოცდაათიანელები და ლუთერელები ასევე ითხოვდნენ კომპენსაციას, რადგან 2014 წლიდან სახელმწიფო მხოლოდ ოთხ რელიგიურ ჯგუფს - კათოლიკეებს, ებრაულ თემს, მუსლიმებსა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიას აფინანსებს.
საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს მთავრობის 117-ე დადგენილებაში კავშირი "21-ე საუკუნის" მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რაც სწორედ სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი კონფესიების სიის გაფართოებას გულისხმობს.
2014 წელს საპატრიარქო ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ "ტრადიციულ რელიგიურ ჯგუფებისთვის" დათანხმდა, რამაც მრავალ კრიტიკოსს აფიქრებინა, რომ ამით საპატრიარქოს ბიუჯეტიდან მისთვის გადარიცხული ყოველწლიური მილიონების ლეგიტიმაცია სურდა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ წრე გააფართოვა, ის კვლავ უარს აცხადებს განიხილოს საბჭოთა კავშირის დროს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში გადაცემული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ისტორიული საკუთრების რესტიტუციის საკითხი.
"ეს დადგენილება ამას [ქონების რესტიტუციის საკითხს] არ ითვალისწინებს. ეს სხვა სახის საკითხია", - განუცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა დეკანოზმაანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას".
რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა ეპოქის დროს და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში წართმეული რელიგიური შენობა-ნაგებობების დაბრუნება საბჭოთა ზარალის ანაზღაურების არსებითი ნაწილია. დღემდე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკე ეკლესიის, იუდაური თემისა და მუსლიმი თემის ისტორიული საკუთრების ნაწილი სახელმწიფოს, ხოლო ნაწილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში რჩება.
წლების განმავლობაში, არაერთი მღვდელმსახური სხვადასხვა რელიგიური კონფესიის კუთვნილ შენობას აზიანებდა და მასში ისტორიული კვალის წაშლას ცდილობდა. ამის შესახებ "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) 2020 წლის ანგარიშშიც ვკითხულობთ.
"შეიმჩნევა სომხური წარმომავლობის ეკლესიებში სომხური კულტურის დამადასტურებელი ნიშნების წაშლის მცდელობები. 2008 წელს საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმსახურმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი ე.წ. სადაო ტაძრის - „ნორაშენის" ეზოში დაკრძალული სომეხი პირების საფლავის ქვები გადააადგილა, ხოლო უცნობმა პირებმა ქართული წარწერების მქონე საფლავის ქვა მიიტანეს და ეკლესიის ეზოში განათავსეს. დანგრეულია ტაძრის საკურთხეველი", - წერია TDI-ის ანგარიშში.
იგივე პრაქტიკა შეინიშნება საქართველოში არსებული კათოლიკური ტაძრების შემთხვევებშიც.
TDI-ის გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს დღევანდელი განცხადების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, თითქოს იგი რელიგიური კონფესიებისთვის ქონების რესტიტუციის საკითხს უჭერს მხარს.
"რეალური პრობლემა სწორედ რესტიტუციის საკითხია. სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე, ლუთერული ეკლესიები, მუსლიმი და იუდაური თემი დღემდე ვერ იბრუნებენ საბჭოთა დროს ჩამორთმეულ ქონებას. ამ ქონების ნაწილი სახელმწიფოს ბალანსზეა, მეორე ნაწილს კი საპატრიარქო დაეპატრონა.
ეს განცხადება და კავშირი 21-ე საუკუნის შეხვედრები იმას ემსახურება, რომ ცვლილებები შევიდეს ისედაც გაუგებარ დადგენილებაში, თქვან, რომ რესტიტუცია განხორციელდა და ასე დაიბანონ ხელი. სხვებმა კი კვლავ ვერ დაიბრუნონ ისტორიული ქონება", - წერს ღავთაძე Facebook-ზე.
საქართველოში არსებული არაერთი რელიგიური კონფესია ათეულობით წელია ისტორიული ქონების დაბრუნებისთვის იბრძვის. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების გულგრილობის გამო საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება.