მრევლი საპატრიარქოსგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ელოდება, თუმცა, ეკლესია კვლავ დუმილს არჩევს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ლაპარაკობენ ყველაფერზე, ვაქცინაციის გარდა.
სინოდის წევრებისა და საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციისაგან განსხვავებით, მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ აზრს სხვა სასულიერო პირები, რომლებიც სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელსა და საზოგადოების ანტივაქსერულ განწყობებს მთლიანად საპატრიარქოს პასუხისმგებლობად მიიჩნევენ.
საქართველოს საპატრიარქოს სიჯიუტე აცრებითან დაკავშირებით უცნაურია იმ ფონზე, როცა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაიკეთეს რომის პაპმა, დალაი ლამამ, აიათოლა ჰამენეიმ და მსოფლიოში აღიარებულმა მართლმადიდებელმა მქადაგებლებმა.