logo
ENG



საპატრიარქო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ეხმაურება

27 იან 202123:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/27/gb301spbewmm1r5.jpg

საქართველოს საპატრიარქო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს 27 იანვრის დღის ბოლოს, ფეისბუქპოსტით ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და იმედოვნებს, რომ მსგავსი ბოროტება სამყაროში აღარ განმეორდება.

"ეს დღე თანაბრად მტკივნეული და მნიშვნელოვანია როგორც ებრაელი ხალხისთვის, ისე ნებისმიერი ერისა და აღმსარებლობის წარმომადგენლისათვის, მათ შორის, ჩვენთვის, ქართველებისათვის. 

ჰოლოკოსტი იყო არა ერთი კონკრეტული ნაციის წინააღმდეგ მიმართული  აგრესია, არამედ ეს იყო მსოფლიო ბოროტება, რომელიც ქრისტიანობისთვის ყოვლად მიუღებელია.

ამ ულმობელი ეპოქის მსხვერპლთა შორის მრავალი ქართველის სახელის გახსენება შეიძლება. მათ შორისაა თანამედროვე მართლამდიდებელი ეკლესიის გამორჩეული წმინდანი – არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, რომელმაც ებრაელი ეროვნების ადამიანის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ამ თავგანწირვით კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მოყვასის სიყვარული კაცობრიობის უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებაა. 

მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ქადაგებს მშვიდობასა და მოყვასის სიყვარულს, ქართველი და ებრაელი ხალხი 26 საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდა, ჩვენი მეგობრობა სამაგალითო და მისაბაძია სხვადასხვა აღმსარებლობის ერებისათვის, ამ საუკუნეებგამოვლილმა ერთობამ თანაბრად გაიზიარა ერთმანეთის სიხარულიცა და ტკივილიც", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ ადგილი ჰქონდა რიგი სასულირო პირების, მათ შორის, მღვდელმთავრის მხრიდან ანტისემიტურ განცხადებებს, რაზეც მთავრობის წარმომადგენლებს მოუწიათ განმარტებების კეთება. მომხდარს გამოეხმაურა საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი. 

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა თქვა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. 

4 იანვარს, ანტისემიტური განცხადება გააკეთა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემაც. ის ეპისკოპოს იოანე გამრეკელს გამოექომაგა და თქვა, რომ "არსებობს  სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას. კარკაძემ თქვა, რომ იოანე გამრეკელი თავის მქადაგებაში ფაქტებს ყვებოდა. 

იოანე გამრეკელის ქადაგებას საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია გამოეხმაურა. მან თქვა, რომ სასულირო პირს ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია. ჟვანიას მტკიცებით, მეუფე იოანე გულისხმობდა "მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტს".

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა. ორგანიზაციამ მოუწოდა იოანე გამრეკელს, ბოდიში მოიხადოს თავისი განცხადებებისთვის. 

საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში". მან აღნიშნული ტვიტი მას შემდგე გამოაქვეყნა, რაც საქართველოში ისრაელის ელჩმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები.


close დახურვა