ქართული ოცნების დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის თქმით, კარლ ჰარცელს მელიასთვის უნდა მოეწოდებინა, "ასე ნუ იქცევა". ამით ოცნების დეპუტატი მელიასა და კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.
"ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ა.შ. ეს ერთმანეთში არკვიონ. ის ამაზრზენი ქცევები, რომელსაც ახლა გვთავაზობენ, ამის პოპულარიზებას ეწევიან... იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან, რაც მელიამ იკადრა, ეს არის წარმოუდგენელი რამო, ამის ნაცვლად, ალტერნატიულ ვერსიებს და ცენტრებს ქმნიან, რატომ? ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უთხრას - მელია, გაჩერდი და ასე ნუ იქცევი. მათ შორის, მელიასთვის უნდა ეთქვა ეს [ჰარცელს] და თავს იკავებს", - თქვა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში მოყვა, რომ კარლ ჰარცელმა მათ სთხოვა, არ დაეტოვებინათ ოფისი. მისივე ცნობით, ელჩი კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან იმისათვის, რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი შენობის უსაფრთხო დატოვება.
გუშინ 23 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის შენობასთან ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ადგილზე ქართული ოცნების აქტივისტები გამოჩნდნენ. გარდა ამისა, ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც.
ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტები გეგმავდნენ, როგორ გასწორებოდნენ ნიკა მელიას ევროკავშირის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ.
ვიდეოში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა ისმის, რომ ისინი მელიასთვის კვერცხების სროლას აპირებდნენ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა.