logo
ENG



სასამართლო განჩინებაზე: დათქმა იძულების პროპორციული ზომის გამოყენებაზე, სტანდარტულია

11 მარ 202120:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/11/d1yjysvvkusdfee.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლო TV პირველთან დაკავშირებულ განჩინებაზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დათქმა, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იძულების პროპორციული ზომა გამოიყენოს, სტანდარულ ფორმას წარმოადგენს.

სასამართლოში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც ანალოგიური დათქმა ეთითება და განსხვავებული წესი არ გამოყენებულა.

"2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისათვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა. 

ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ პასუხობენ. პროკურატურის პრესსამსახური მხოლოდ განმარტავს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა