თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას განცხადება დააკმაყოფილა.
ინფორმაციას ამის შესახებ, შენგელია "ფეისბუკის" გვერდზე აქვეყნებს. მისი განცხადებით, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა დაავალა.
„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ჩემთვის საქმიანობის შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა ნოტარიატის შესახებ კანონს. ასევე, მე უფლება მქონდა, კონვენციის მეექვსე მუხლის თანახმად დამეცვა ჩემი თავი სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში და პრაქტიკულად დაადგინა ის დარღვევები, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო დარღვეული სულ რაღაც ერთ დღეში“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.
შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს. 2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.