დილიდან დაკეტილია სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები სასაფლაოებზე არ დაიშვებიან.
მისასვლელ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. მოწმდება საშვის მქონე ავტომობილებიც.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ამ მიმართულებით კანონდარღვევა არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.