საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს და კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის საფუძემდებლო ღირებულებებთან. ხოლო ბრალდებები ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ მიუღებელია.
"საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიერ 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებით. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ხოლო, ამ უკანასკნელის მიმართ საქართველოს საქმეებში ჩარევის შესახებ ბრალდებები მიუღებელია.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად და რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა მიჯაჭვულობა გამოხატა. ამ რთულ გზაზე საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას", - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.