სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას კელი დეგნანმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაზე. მისი თქმით, საქართველო აშშ-სთვის რეგიონში ყველაზე მნიშვნლოვანი პარტნიორია.
"ჯერ არ მქონია შანსი ვწვეოდი საქართველოს, თუმცა გამოწვევები რის წინაშეც ეს ქვეყანა დგას ჩვემთვის ახალი არ არის. მეზობელ თურქეთში ვმსახურობდი, როდესაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში აგრესია განახორციელა. ერთი წლის შემდეგ კი ნატოს სათავო ოფისში გადავინაცვლე, სადაც საქართველო იყო და არის ღირსეული პარტნიორი. ჩვენ პირობა მივეცით საქართველოს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება. ნატოში ჩემი სამწლიანი მუშაობის პერიოდში ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი რეფორმების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯებით. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველო ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ერთ-ერთი დიდი შემადგენლობით მონაწილეობს, ის 900-მდე ჯარისკაცით ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში კვლავ ჩვენთან ერთადაა. ახლა კი როგორც ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი ვხედავ, რომ საქართველო ერთგული პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს ნატოსა და შეერთებული შტატების ძალისხმევას შავ ზღვაზე. ჩვენი განსაკუთრებული უსაფრთხოების თანამშრომლობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო შეერთებული შტატებისთვის რეგიონში გეოსტრატეგიული მნიშვნელობისთვის მთავარი პარტნიორია",- აგანცხადა დეგნანმა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთერთობა გაგრძელდება და აშშ განარძობს საქართველოს მხარდაჭერას, ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების, ასევე ევროკავშირსა და დასავლეთში ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით საჭირო რეფორმებს ახორციელებს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიზანია ჰქონდეს საქართველოს უნარი დაიცვას საკუთარი საზღვარი, რადგან ეს გამჭვირვალე და დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მას სურს საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ და სხვა მიმართულებით იმუშაოს.
"პროგრესიის მიღწევა ადვილი არ იყო. უფრო მეტი სამუშაოა გასაწევი, რომ შენარჩუნდეს და შეიქმნას პლურალისტური კანონმდებლობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, მრავალფეროვანი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენი ვალდებულებაა მხარი დავუჭიროთ დემოკრატიის პრინციპებსა და კანონის უზენაესობას, რომელიც საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ დავრწმუნდეთ, რომ მომავალ წელს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. შესაძლოა ამ ქვეყნის წარმატების გამო საქართველო რუსეთის დესტაბილიზაციასა და გამანადგურებელი ქმედებების სამიზნეა. შეერთებული შტატები კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", აღნიშნა ელჩობის კანდიდატმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, ასევე იმ ბორდერიზაციის არაერთ მცდელობას.
"გამოსავალი არის ის, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს. მათ შორის ჯარების გაყვანა კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ჰუმანიტარული მისიისთვის გზის გახსნა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება. მსურს დავეხმარო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ააშენოს მოქნილი და გამჭვირვალე საზოგადოება, რომელიც მდიდარ და მრავალფეროვან მემკვიდრეობაზე დგას",- განმარტა კელი დეგნანმა.