logo
ENG



საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა

29 აპრ 202221:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/mh18rfk0k359irm.jpg

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი, რომელზე პასუხებზე დაყრდნობითაც ევროკომისია მოსაზრებას მოამზადებს ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ.

მეორე ნაწილი სექტორულ/დარგობრივია და 33 თავად დაყოფილ 2300-მდე კითხვას მოიცავს. კითხვები დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.

კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა.

11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა.

სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 12 აპრილს ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროება მოითხოვეს. საქართველოს მთავრობამ კითხვარი 15 აპრილს გაასაჯაროვა.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის პირველი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილი უკვე შეავსო.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა.

ევროკომისიის მიერ შედგენილი კითხვარი არის ფორმალური ინსტრუმენტი, რომლითაც კომისია აფასებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი აპლიკანტი ქვეყნების მზაობას, კერძოდ იმას არის თუ არა ქვეყანა მზად წევრობის სტატუსის მიღებისა და წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის. 

 

close დახურვა