logo
ENG



საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი ცნობილია

15 მარ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 
y79sx2k5epqy1hr.png

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო აეროპორტებიდან დაგეგმილი ფრენების განრიგი გამოქვეყნდა.

მონაცემები 22 მარტის ჩათვლითაა დაზუსტებული. ამ თარიღის შემდეგ ფრენების შესახებ ინფორმაცია უკვე არაპროგნოზირებადი ხდება. ამ პერიოდამდე, აეროპორტებიდან, ჯამში, 111 რეისი შესრულდება 24 მიმართულებით.

„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფო და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.

ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავიამიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.

ეს დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშრუტები.

აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში“, - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ფრენების განრიგი იხილეთ ბმულზე.


close დახურვა