logo
ENG



საქართველოს საჯარო სამსახურში მოქმედი მხილების მექანიზმი უფუნქციოა - TI

25 ივნ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 
pq5952c631bkvy7.jpg

"საქართველოს საჯარო სამსახურში მოქმედი მხილების მექანიზმი დიდწილად უფუნქციოა", - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ კვლევაშია ნათქვამი. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის ბიუროს სხვა პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად დაიწყოს დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მხილების მექანიზმის პრაქტიკაში სრულფასოვანი ამოქმედება.

"მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურის ბიურო პასუხისმგებელია მხილების მექანიზმის ამოქმედებასა და მის გაუმჯობესებაზე, სათანადოდ არ სრულდება ამ მხრივ არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები. 

მხილების შემთხვევებისა და მათზე რეაგირების სტატისტიკა საჯაროდ, პროაქტიულად არსად ქვეყნდება. მამხილებლებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია საერთოდ არ გასცა ერთმა საჯარო დაწესებულებამ – იუსტიციის სამინისტრომ. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მხილების მექანიზმი საჯარო დაწესებულებათა ნახევარში საერთოდ არ ამუშავებულა. 

მხილებასთან დაკავშირებულ არანაირ სტატისტიკას არ აღრიცხავს საქართველოს გენერალური პროკურატურა, რომელიც მხილების განცხადებების ერთ-ერთი მიმღები ორგანოა და ნაწილობრივ პასუხისმგებელია მამხილებელთა დაცვაზე. 

შესწავლილ 36 საჯარო დაწესებულებაში არც ერთხელ არ დამდგარა საჭიროება მამხილებლის დაცვის კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

მხილების განცხადებების იდენტიფიცირების საერთო მიდგომის არარსებობის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის მონაცემები, რომლებსაც გასცემენ საჯარო დაწესებულებები მხილების შემთხვევებთან დაკავშირებით. 

შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული მამხილებლის დაცვის სპეციალური რეგულაციები, ან არსებული კანონმდებლობა უნდა გავრცელდეს ამ უწყებების თანამშრომლებზე.

ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მუშაობა მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე", - ნათქვამია TI-ის კვლევაში. 

სრული კვლევის სანახავად გადადით ბმულზე


close დახურვა