საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.
"მმართველი ქართული ოცნების პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველო უკრაინამ და ევროკავშირმაც დაადანაშაულეს რუსეთის მიმართ მეგობრული პოლიტიკის გატარებაში, რადგან მათ არ აღკვეთეს ზაფხულში მოსკოვთან ფრენების აღდგენა და არ დაუწესეს სანქციები რუსეთს, არამედ პირიქით, ვაჭრობა გაზარდეს რუსეთთან. პოლიტიკას აკრიტიკებენ, როგორც შეუსაბამოს ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 90-მდე პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს", - აღნიშნულია OP-ED-ში.
ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".
ივანიშვილმა მისი "დაბრუნების" რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა - მათ შორის დაასახელა ოპოზიციის "არარსებობა" და "ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა".