logo
ENG



სახ.დეპი ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

01 თებ 202211:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/01/3t62xg7q4qrsidz.jpg
CNN

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

“ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ამერიკის მოქალაქეებმა, ვინც ბელარუსშია ან იქ გამგზავრებას გეგმავენ, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია განუჭვრეტელია და რეგიონში მზარდი დაძაბულობაა. ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ვურჩევთ არ იმგზავრონ ბელარუსში.

აშშ-ის ხელისუფლების შესაძლებლობები, რომ ბელარუსში ამერიკის მოქალაქეებს მიაწოდოს სასწრაფო დახმარების პროდუქტები ბელარუსის ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოც თანამშრომლებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ისედაც ძალიან დასაზღვრულია“ - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით ორშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან მკაფიოდ საუბრობს, მათ შორის ბელარუსის ხელისუფლებასთან, რომ თუ ის რუსეთს უფლებას მისცემს მისი ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, ბელარუსი აშშ-ისგან და მოკავშირეებისგან სწრაფი და მკაფიო პასუხის წინაშე აღმოჩნდება.

„ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებისა და სხვა ეკონომიკური ზომების უპრეცედენტო ბუნებაზე, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. თუ ბელარუსი - რომელიც წესით სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს - მხარს დაუჭერს ამ შეჭრას, ჩვენი პასუხი სწრაფი და მკაფიო იქნება“ - განაცხადა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე.

ამერიკას ბელარუსში შეზღუდული წარმომადგენლობა ჰყავს, რაც ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგია. 2021 წლის ზაფხულს, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მინსკში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა 5-მდე შემცირდა, ოქტომბერში გაუქმდა საჯარო დიპლომატიისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფისები, ბელარუსში ამერიკის ელჩს ჯული ფიშერს კი მეზობელ ლიეტუვაში უწვეს მუშაობა.

აშშ-მ ჯერ კიევში საელჩოს თანამშრომლებს შემდეგ კი გასულ კვირას უკრაინაში მყოფ თავის მოქალაქეებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენაც მოუწოდა, რასაც უკრაინის ხელისუფლებისგან კრიტიკა მოჰყვა.

***

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.

დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ბელარუსი, რომელიც რუსეთის მთავარი მოკავშირეა, პუტინს უკრაინაზე თავდასხმაში ეხმარება. 

რუსეთმა გასულ კვირას ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალები და ტექნიკა გადაიტანა მომავალი თვეში დაგეგმილი წვრთნებისთვის. ბელარუსში, უკრაინის ჩრდილოეთით, დამატებითი ძალების მობილიზებით რუსეთი თავდასხმისთვის ხელსაყრელ ახალ ფრონტს ქმნის.

ასევე გასულ კვირას, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, განაცხადა, რომ ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის ან რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია განხორციელდება.


close დახურვა