სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მთავარპესიკოპოს სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესწავლა დაიწყო, რომელშიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარები მონაწილეობენ.
მეუფე სპირიდონის ეპარქიამ ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა - ვიდეოში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის, არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი.
ვიდეოჩანაწერში მთავარეპისკოპოსი ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს საჯაროდ ეკითხება, უნდათ თუ არა მათ დაწესებულების დატოვება - ჩანაწერში მონაწილე რამდენიმე არასრულწლოვანი ტირის, რამდენიმე მათგანი კი აცხადებს, რომ დაწესებულების დატოვება არ სურთ.
“ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედია გამოცემებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყების და სამოქალაქო აქტივისტების და მედიაგამოცემების გააქტიურების შემდეგ, მეუფე სპირიდონმა რეპუტაციული ზიანის მართვა თავად ბავშვთა სახლის ბენეფიციართა ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით სცადა.
მთავარეპისკოპოსი ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ სტუმრობდა პრორუსულ და პროფაშისტურ მაუწყებლებს და ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ბავშვთა სახლით საჯარო აუდიტორიის დაინტერესება ეკლესიაზე თავდასხმასა და "ლიბერალების" შტურმს უკავშირდებოდა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.
ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ".
"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.
ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", - ყვება ის.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა მოითხოვეს.