ეკონომიკური კრიზისის ფონზე ასობით ადამიანი უმუშევარი რჩება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ დამსაქმებელთა ნაწილი შექმნილი კრიზისული ფონიდან გამომდინარე დასაქმებულებს საარსებო მინიმუმის გარეშე ტოვებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში დამსაქმებლებს არათუ ამის უფლება არ აქვთ, არამედ ვალდებულები არიან შრომითი უფლებები დაიცვან.
EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს დასაქმებულებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.
"რეალურად ბევრ ადამიანს არ შეუძლია მუშაობა, რადგან პრაქტიკულად გამოცხადებულია კარანტინი. ეს მდგომარეობა ადამიანებისთვის არის დროებითი შრომის უუნარობის მდგომარეობა. მათი კონტრაქტების შეწყვეტა დაუშვებელია. შეიძლება მხოლოდ შეჩერდეს. ამ პერიოდში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დახმარება. სახელმწიფოს დასაქმებულების გაძლიერების და მათი უფლებების დაცვის მიმართულებით ხედვა და სამოქმედო გეგმა არ აქვს. ეს გეგმა დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას", - აღნიშნა ერისთავმა.
რაც შეეხება გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მათ საქართველოს პროფესიულ კავშირს უკვე მიმართეს.
"მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ადამიანებს ექმნებათ კონკრეტული პრობლემები. ის ადამიანები, ვინც დარჩა უმუშევარი, აუცილებელია მათი არსებობისთვის საჭირო მინიმუმით უზრუნველყოფა. ეს არის მექანიზმები, რომლებიც მთავრობამ ბიზნესთან და პროფესიულ კავკშირებთან ერთად უნდა შეიმუშავოს. სხვათა შორის, რამდენიმე კომპანიამ, რომელიც მზად არის ასეთი ტიპის დასაქმებულები, მზად არიან დაასაქმონ ისინი სავაჭრო ობიექტებში. ერთმანეთს ლუკმა უნდა გავუყოთ და ისე გავიტანოთ ერთმანეთი", - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში სავაჭრო ობიექტები იხურება.