სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას მოჰყვა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციებისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე საბანკო სექტორში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც სებ-ში ამბობენ, "შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული".
"საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით", - განაცხადა თურნავამ პრესრელიზის მიხედვით.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტიც მრჩეველიც. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.
ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.
ამასთან, 25 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია გამჟღავნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროცესი ჩაახშო.