logo
ENG



სერგეენკო ვაქცინაციაზე: ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, მოვუსმინოთ მხოლოდ დარგის პროფესიონალებს

16 მარ 202113:15
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მხოლოდ დარგის სპეციალისტებს მოუსმინონ. 

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არცერთ ინდუსტრიაზე არ ხორციელდება დღეს ისეთი დეტალური კონტროლი, როგორიც ვაქცინებზეა.

"ჩემი უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, რომ ამ ინფორმაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. არ არსებობს ისეთი ინდუსტრია დღეს, რომელიც ასეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის, ისევე, როგორც მისი ეფექტურობა, გვერდითი მოვლენები. მსოფლიოში დღეს რამოდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული საქართველოში გარდა იმისა, რომ მწარმოებელ ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული, ასევე, აღიარებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ", - თქვა სერგეენკომ.

მანვე ასტრაზენეკას შესახებ ისაუბრა, რომლითაც საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო და აღნიშნა, რომ ამ ვაქცინით მსოფლიოში უკვე 20 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. 

"ვაქცინები რომელიც შემოსულია - ასტრაზენეკა ეს არის ბრიატანულ-შვედური წარმოების და უბრალოდ ცნობისათვის, დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში. იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას მთლიანად, იმისათვის, რომ მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი. იმედი მაქვს, მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებით გამოჩნდება პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტი, როგორც სხვა ეპიდემიების შემთხვევებში იყო", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.

 

close დახურვა