logo
ENG



სი ძინპინი 20 მარტს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

17 მარ 202312:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/17/cgpaq8idmfswe2y.jpg

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში ჩავა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას როგორც კრემლი, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებენ.

ეს იქნება ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რუსეთში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

კრემლის განცხადებით, შეხვედრების დროს, რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის დამატებით განვითარების შესახებ თემატური საკითხები იქნება განხილული. ასევე, ყურადღება გამახვილდება რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

კრემლში ასევე აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ "არაერთ მნიშვნელოვან" ორმხრივ დოკუმენტს მოეწერება ხელი.

მანამდე, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

WSJ-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ სი ძინპინი, სავარაუდოდ, ცდილობს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის დასრულებაში უფრო აქტიური შუამავლის როლი მოირგოს. ამასთან, გამოცემა მიუთითებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებსაც ეწვიოს, თუმცა ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.

მედიის განცხადებით, ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს შედგება, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პეკინის მცდელობაში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელის როლი ეთამაშა, რასაც ევროპაში თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდნენ. 

გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება - გასული კვირების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.

ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება:

  • ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა;
  • ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;
  • საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
  • სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება;
  • ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;
  • მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;
  • ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სტრატეგიული რისკების შემცირება;
  • მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა;
  • ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;
  • საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება;
  • პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.

ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე.


close დახურვა