კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ "მოსკოვის ქართველების უმრავლესობა დღეს მის სადღეგრძელოს სვამს."
"ვინც უფროსისთვის (გულისხმობს პუტინს) სიახლეების კრებულს ამზადებს, გთხოვთ, გადაეცით, რომ მოსკოვის ქართველების უმრავლესობა დღეს მის სადღეგრძელოს სვამს. [...] შეტყობინებები გავხსენი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდა - ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ყოჩაღი ხარ."- წერს სიმონიანი.
კრემლის პროპაგანდისტი ასევე წერს, რომ უვიზო რეჟიმის დაბრუნება, "ძალიან სწორი" გადაწყვეტილებაა.
"ჯერ კიდევ გუშინ ვმსჯელობდით, რომ საქართველო ისე სწორად იქცევა ახლა, რომ დროა, საჰაერო მიმოსვლა და უვიზო დავაბრუნოთ - აგერ ბატონო, დააბრუნეს. ძალიანაც სწორია."- წერს სიმონიანი.
მისი თქმით, "ქართველმა ხალხმა სააკაშვილი ციხეში ჩასვა", სანქციებს არ შეუერთდნენ და მეორე ფრონტი არ გახსნეს, " თუ ასე გაგრძელდა შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ."
"პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა ჩასვეს ციხეში, სანქციებს არ შეუერთდნენ, მეორე ფრონტი არ გახსნეს - მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად თირკმელებში ურტყამდნენ, რომ მეორე ფრონტის გახსნა ეძულებინათ. ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ."- წერს კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.
* * *
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა. შესაბამისი განკარგულების თანახმად, 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
"ბათილად იქნას ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება" - წერია დოკუმენტში.