"ქართული ოცნების" პიარ-სტრატეგია წლებია ძალადობის, შუღლის, ზიზღის დათესვას ემსახურება. კახა კალაძე ერთ-ერთია იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელიც მუდმივად, თითქმის ყოველ დღე, კამერის ობიექტივშია, ყველაზე დიდი პიარ-ჯგუფი ჰყავს და ამაში მილიონებს ხარჯავს.
მერიის თითოეულ ღონისძიებაზე, სადაც საჯაროდ ჩნდება, ყოველთვის თან ახლავს პიარ მენეჯერები, ოპერატორები, ლაივ ადმინისტრატორი, ფოტოგრაფები. იღებს საინფორმაციო და საიმიჯო ვიდეო რგოლებს, აკეთებს ონლაინ-ჩართვებს.
ოფიციალური ამონაწერის მიხედვით, რომელიც „ფორმულამ“ მოიპოვა, მერის და მერიის სამსახურების, მათ შორის გამგეობების პიარზე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს 56 ადამიანი მუშაობს. მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება მოქალაქეებს 113 ათასი ლარი უჯდებათ, რაც წელიწადში მილიონ 300 ათასია. თვიური ხელფასი 600 ლარიდან იწყება და 5 ათასამდე ადის. მერის პიარისთვის დასაქმებულები ათასობით ლარს დანამატის სახითაც იღებენ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მომუშავეებს შორის პროსახელისუფლებო მედიის თანამშრომლების გვარებიც ფიგურირებს და თანამშრომლებიც, რომლებიც, პარალელურად, სხვა საჯარო სამსახურებშიც, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ. სამთავრობო მედიის ხელფასები რამდენიმე ათასს აღწევს.
თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ მერის და მერიის პიარზე მხოლოდ ეს ერთი დეპარტამენტი არ მუშაობს. არსებობს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოც, სადაც ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი, ასევე, საზოგადოებასთან კომუნიკაციით და პიარ-საქმიანობით არის დაკავებული. როგორც მერიაში განმარტეს, ამ სააგენტოში მუშაობენ პროგრამისტები, IT სპეციალისტები და ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მუნიციპალურ სერვისებს მართავს. თუმცა სწორედ ამ სააგენტოს სიაში ჩნდება პროსახელისუფლო მედიის თანამშრომელთა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები.
მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა პიარ-სტრატეგიას გადახედა და ე.წ. ფეიკ ნიუსებთან ბრძოლაში პირადად ჩაერთო, მის მიერ რეკლამასა და პიარში გადახდილი ფულის დათვალა „რადიო თავისუფლებამაც“. მხოლოდ 2020 წლის პირველ 5 თვეში, სხვადასხვა ტელე თუ ონლაინ მედიასაშულებებში ნახევარი მილიონი ლარის რეკლამა იყიდა - სასურველი შინაარსის ინფორმაციის გასავრცელებლად. 170 000 ლარს იხდის მერია ფეისბუკში. ამ სოციალურ ქსელში, ჯამში, გამგეობების და მერიის სამსახურებისთვის შექმნილი 32 ოფიციალური გვერდი ფუნქციონირებს.
ვიდეო რგოლების და ლაივ ჩართვების შემდეგ, მისი ახალი პიარ სტრატეგია საკუთარი გადაცემაა, რომელსაც მხოლოდ სამ კრიტიკულ მედია საშულებას უძღვნის. ტელე ეთერით გასული რეპორტაჟების ანალიზით, მერი ე.წ. ფეიკ ნიუსებს ბრძოლას უცხადებს. გადაცემისთვის შეიქმნა სპეციალური შეფუთვა - ე.წ. ქუდი, მუსიკა, გრაფიკული დიზაინი, განათება, მერის გადაცემის ლოგო თბილისის სიმბოლიკაა. ტყუილ-მართალი მაყურებლისთვის სპეციალურად მომზადებული რეპორტაჟებით გაარჩია. გადაცემის სარეკლამო ბანერზე კი სამი ტელევიზიის ლოგო სისხლის წვეთებშია ნაჩვენები.