logo
ENG



სისხლის გუბეები იყო ციხეში, ტატუნაშვილიც კი მიხსენეს - მღებრიშვილი პატიმრობას იხსენებს

26 სექ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ, 25 სექტემბერს გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი ფორმულასთან პატიმრობაში ყოფნის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

მღებრიშვილის თქმით, პირები, რომლებიც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სავარაუდოდ, ყოფილი სპორტსმენები ან სპეცრაზმელები იყვნენ. გარდა ამისა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ, იცნობდა თუ არა ის არჩილ ტატუნაშვილს. 

"ცემა-ტყეპა იყო. ტატუნაშვილიც კი მიხსენეს. მკითხეს, ვიცნობდი თუ არა ტატუნაშვილს. ვუთხარი, რომ გამიგია, მაგრამ არ ვიცნობდი. ალბათ ჩამიწვეთეს, შეშინება უნდოდათ. 

თავი ახლაც გაბრუებული მაქვს. თან პირბადე მეკეთა. რაღაც სქელი პირბადეები აქვთ იქ, რაღაცნაირი. ვუთხარი, რომ ჰაერი არ მაქვს და წყალი მომაწოდეთ. მითხრეს, მერე დაგალევინებთო. 4-5 კაცი მცემდა. თან ან ყოფილი სპორტსმენები იყვნენ ან არ ვიცი, ისეთი კისრები ჰქონდათ", - იხსენებს მღებრიშვილი.

მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორში არსებულ სიტუაციაზეც ჰყვება და ამბობს, რომ პატიმრებს რთულ პირობებში უწევთ ყოფნა. 

"დაახლოებით 5 თვის წინ, მანდ რეპრესიები მიდიოდა. შემოდიოდაო სპეცრაზმი, ნიღბიანები, ყველას გამოიყვანდნენ და დუბინკებით სცემდნენო. ბიჭებმაც გააპროტესტეს, რატომ უნდა შემოდიოდნენ და გვცემდნენო და გადაიჭრეს ვენები. სისხლის გუბეები იყო ციხეში. მერე შეიცვალა ციხის უფროსი", - განაცხადა მღებრიშვილმა. 

რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთ დაკავებულს, ზაზა გახელაძეს, მღებრიშვილის თქმით, მან გახელაძესთან ერთად საპატიმროში 20 დღე გაატარა.  

"გახელაძეს თითი არ დაადეს. რატო დაადებდნენ, ფეხი ჰქონდა გადაგლეჯილი შუაზე. ყავარჯნებით მოიყვანეს. ბოლო 10 დღე, მე რომ გამასამართლეს, მაღლა ამიყვანეს, საერთო რეჟიმში და მანამდე, ერთი 20 დღე ერთად ვიყავით", - ამბობს ხვიჩა მღებრიშვილი. 

ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 25 სექტემბერს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლების შეხვედრაზე მიიღეს. მღებრიშვილმა ცხინვალის იზოლატორი 26 სექტემბერს დატოვა

ის ოკუპანტებმა 3 ივლისს დააკავეს - მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის კვეთასა და ღამურების დაჭერას ედავებიან. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.


close დახურვა