logo
ENG



სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა - EMC აჭარის მაუწყებლიდან ჟურნალისტის გაშვებაზე

12 მაი 202014:47
3 წუთის საკითხავი
 
jlqmxdasvgtwxpr.jpg

EMC ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უკვე შემაშფოთებელ ფორმას იღებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არამხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა.

„მალხაზ რეხვიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცილისწამება, რადგან მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და მასში არ არის მითითებული არსებითად მცდარი ფაქტი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სტატუსი ეხება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, რაზეც საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღებაა მიმართული და პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს გაერთიანების წევრების შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოხმაურების და დაცვის ვალდებულება აქვს, გავრცელებული მოსაზრება სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში და მისი ავტორის აბსოლუტურად დაცულ უფლებას წარმოადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ მაუწყებლის დირექტორის ბრალდება ცილისწამების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც არ დასტურდება მაუწყებლისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკით, ცილისწამების დადგენისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს არამხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, არამედ ისიც, რომ მან კონკრეტული ზიანი განიცადა, რაც მოცემულ საქმეში სახეზე არაა.

"ჟურნალისტების დევნის ფაქტები მიუთითებს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არამხოლოდ შრომით ურთიერთობებში უკანონო ინტერვენციას, არამედ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დევნის) შემადგენლობას, რამდენადაც აშკარაა რომ მაუწყებლის დირექტორი სამსახურიდან დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, ან თვითნებურად დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს. 

"EMC მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ფეისბუკ" გვერდზე თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, აჭარის მაუწყებლის თანამშრომელი მალხაზ რეხვიაშვილი დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. 

ასევე სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის გამო მოხსნეს ეთერიდან თეონა თურმანიძე.


close დახურვა