logo
ENG



სომხეთის განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან 70,5 ათასი ადამიანი მიიღეს

28 სექ 202322:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/d37w10hfnjdafu0.jpg

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში, ამ ეტაპისთვის, 70,5 ათასი ადამიანი გადავიდა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში რეგისტრაცია თითქმის 51 ათასმა ლტოლვილმა მიიღო. აქედან, დაახლოებით, 14 ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართით არის უზრუნველყოფილი.

ერევნის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ეთნიკურად 120 ათასი სომეხი ცხოვრობდა. პრემიერმინისტრამა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რეგიონში სომეხი მოსახლეობა აღარ დარჩება და მოსახლეობის მასობრივ გადასახლებას მან "ეთნიკური წმენდა" და "დეპორტაცია" უწოდა.

ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის სიტყვები ძირს უთხრის ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებს.

ბაქომ სომხების მასობრივ გადასახლებას მოსახლეობის პირადი საქმე უწოდა. ისინი ასევე მოუწოდებენ სომეხ მოსახლეობას არ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი ყარაბაღში და გახდნენ მრავალეთნიკური აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილი.

ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის მასობრივი გამგზავრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბაქომ პროსომხური ძალები ტერორისტულ თავდასხმებსა და აზერბაიჯანული პოზიციების რეგულარულ დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი დღის შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. "განკარგულებას" ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.


close დახურვა