სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ცეცხლი გახსნეს - შეტაკებას 7 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
სროლა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე, ლაჩინის დერეფნის მახლობლად მოხდა. ერევნის მტკიცებით, სომხეთის ტერიტორიაზე სოფელ ტეხთან სამხედროებს აზერბაიჯანელებმა 11 აპრილს ცეცხლი გაუხსნეს.
აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ სომხური არმია ქალაქ ლაჩინის მახლობლად, აზერბაიჯანულ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტაკების შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ოთხი დაღუპულის და ექვსი დაჭრილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა - აზერბაიჯანი საზღვარზე სომხურ პოზიციებს არტილერიით ინტენსიურად ბომბავდა. ადგილობრივი მედიები წერდნენ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტი იყო.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 14 სექტემბერს მიაღწიეს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მხარეებმა მას შემდეგ ერთმანეთი რამდენჯერმე დაადანაშაულეს.