logo
ENG



სომხეთმა საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

30 სექ 202315:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/mqa4vdyop1vcsxb.jpg

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მიმართ "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის სავარაუდო დარღვევის ბრალდებით საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია 29 სექტემბერს გამოქვეყნდა.

"სომხეთი ქარტიის 41-ე მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 73-ე მუხლზე დაყრდნობით, მიმართავს სასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ზომები რასობრივი დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შესანარჩუნებლად და დასაცავად", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

სომხური მხარე გაეროს სასამართლოს მოუწოდებს, დაადასტუროს აზერბაიჯანის ვალდებულება, თავი შეიკავოს "ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღში დარჩენილი ეთნიკური სომხების დეპორტაციას".

სარჩელის მიხედვით, ერევანი ითხოვს, რომ ბაქო "თავს შეიკავებს სადამსჯელო ზომების გატარებისგან მთიანი ყარაბაღის ამჟამინდელი და ან ყოფილი პოლიტიკური წარმომადგენლების თუ სამხედრო პერსონალის მიმართ". სარჩელის მიხედვით, სომხური მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის კულტურულ მემკვიდრეობაში ცვლილებების აკრძალვაა.

სარჩელში ნათქვამია, რომ ბაქომ საერთაშორისო სასამართლოს ერთი თვის განმავლობაში უნდა გაუგზავნოს ამ მოთხოვნების განხორციელებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი ასეთი მოხსენება სამ თვეში ერთხელ წარადგინოს იქამდე, სანამ საქმეზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

28 სექტემბერს ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა "განკარგულებას", რომლის მიხედვითაც, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს.

თვითგამოცხადებული არცახის დე ფაქტო პრეზიდენტმა ყველა "საჯარო უწყებისა და ორგანიზაციის დათხოვნის შესახებაც განაცხადა".

***

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდნენ.

შეთანხმება ორ მხარეს შორის მას შემდეგ შედგა, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა, აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

სომხეთის განცხადებით, მთიანი ყარაბაღი 93 000-მა ადამიანმა დატოვა. 


close დახურვა