ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ მის ყოფილ ქმარს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. სოფიო კილაძემ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაახლოებით 2 კვირის წინ სამართალდამცავებს მიმართა. სავარაუდო მოძალადეს დეპუტატთან 1 თვის განმავლობაში მიახლოება და კომუნიკაცია ეკრძალება. დღეს სოფიო კილაძეს სოლიდარობა თითქმის ყველამ გამოუცხადა.
სოფიო კილაძეს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საჯარო საუბარი მას შემდეგ მოუხდა, რაც სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე მისი ქმარი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. კილაძე ადასტურებს, რომ მისი ყოფილი ქმრის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერი გამოწერილი აქვს და ის მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, თუმცა დეპუტატი ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.
სოფიო კილაძე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც წერს, რომ ქალთა მიმართ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.
საკანონმდებლო დონეზე რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ დეპუტატები. პოლიტიკოსები ოპოზიციიდან და მმართველი გუნდიდან სოფიო კილაძეს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს.
ის, რომ ამ თემაზე დეპუტატს საუბარი არ სურს, გასაგებია სახალხო დამცველისთვის. ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დეპუტატს სოლიდარობა გამოუცხადა და დაწერა , რომ საჯარო პირისთვის ოჯახში ძალადობაზე საუბარი ორმაგად მძიმეა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.