მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური გამშვები პუნქტები ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებშიც მოეწყოება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეგულაციების გამკაცრება მუნიციპალიტეტში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევას უკავშირდება.
„დაფიქსირდა რამდენიმე ახალი შემთხვევა, საიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს. მიმდინარეობს შემთხვევის შესწავლა, დადგენილი გარკვეული კონტაქტები და მიმდინარეობს მათთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იქნას იგივე რეგულაციები, რაც დანარჩენ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. იქნება პროაქტიული თერმოსკრინიგნი, ასევე მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოდება შემოწმება ჩვენი თანამოქალაქეების“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 208 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 375 ადამიანი. 48 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.
ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.