logo
ENG



სტანო: მოვუწოდებთ საქართველოს, შეუერთდეს რუსეთისთვის ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს

06 თებ 202314:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/seop4s1ldcuab22.jpg

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ნეტგაზეთისთვის მიცემულ კომენტარში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, საავიაციო სექტორში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო განახლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სტანო პასუხობს, რომ  "საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რათა რუსეთმა მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს".

"ვიცით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლოდროინდელი განხილვების შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ავიაციას და აკრძალა ფრენები რუსეთისმიმართულებით, რუსეთიდან ან მის გავლით.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს და შეინარჩუნოს სიფხზლე სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი შესაძლო მცდელობის მიმართ. ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი განიხილავს, რომ სანქციები დაუწესოს მათაც, ვინც მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას", - აცხადებს სტანო.

გარდა ამისა, სტანო ხაზს უსვამს, რომ რუსეთისთვის დაწესებუილ სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების ფლოტს განახლება უჭირს და ამიტომ ისინი საფრთხისშემცველია.

"უფრო მეტიც, გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ უსაფრთხოების გამო რუსეთთან დაკავშირებით გამოთქმული მნიშვნელოვანი შეშფოთების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავი თავის ტერიტორიაზე. ევროკავშირის სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და გაუმჯობესება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად", - აცხადებს სტანო.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამავე დროს, ის აქებდა საქართველოს მთავრობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო.

ქართულ ოცნებაში ავიამიმოსვლის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავნ და, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. ამავე დროს, ოპოზიციაში პირდაპირ საფრთხეს ხედავენ. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღდეგია და ამბობს, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები უკრაინის გვერდით დგანან, საქართველოს მთავრობის პოზიცია გაუგებარია. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციების საფრთხე შეექმნებათ. 


close დახურვა