ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სფეროებში მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროგრესი განსაზღვრავს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საერთო ტემპს.
ასე უპასუხა მან ნეტგაზეთის კითხვას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების ხელახალი შეფასების მექანიზმის დანერგვას ეხებოდა. კერძოდ, ნეტგაზეთმა მას ჰკითხა:
"ჩაითვლება თუ არა საქართველოს მიერ მართლმსაჯულების ნაწილში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია შესრულებულად, თუ მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიის რეკომენდაციის გაზიარებაზე, რაც გულისხმობს სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების მექანიზმის დანერგვას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება".
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, გაფართოების სხვა ქვეყნებმა უკვე დაასრულეს ან ახორციელებენ სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმებას.
სტანოს თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება აუცილებელია დემოკრატიის დასაცავად. ის ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ეფექტიანი რეფორმა.
"ევროკავშირს სურს, მხარი დაუჭიროს საქართველოს კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, რაც წარმოადგენს ძირითად რეფორმებს, რომლებიც გაწევრიანების პროცესის საფუძვლებს შორისაა. ამ სფეროებში მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროგრესი განსაზღვრავს გაწევრიანების მოლაპარაკებების საერთო ტემპს. ჩვენ გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება გამოყენებული ამ რეფორმების სწორი მიმართულებით წარმართვისთვის, რადგან მოვლენების პოზიტიური განვითარება სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს.
სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, პროფესიონალიზმის, ეფექტურობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება აუცილებელია დემოკრატიის დასაცავად, ფუნდამენტური უფლებების უფრო ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად და, საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.
სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ასევე წამოჭრილია ვენეციის კომისიის მიერ, საჭიროა სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტიანი რეფორმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია და კორუფციის რისკების აღმოფხვრა სექტორში", - აცხადებს სტანო.
ევროკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მოხვდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში კონკრეტული რეკომენდაცია სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, განსაკუთრებით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით.
"გარდა ამისა, სასამართლო მოხელეთა კეთილსინდისიერების გრძელვადიან პერსპექტივაში დასაცავად უნდა შეიქმნას ქონებრივი დეკლარაციების ეფექტური, უფრო სისტემატური და პერიოდული გადამოწმების მუდმივი მექანიზმი. ასევე, ამ კუთხით ევროკავშირი მზადაა მოახდინოს შესაბამისი საერთაშორისო ექსპერტიზის მობილიზება საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებში.
ასევე არსებობს მოლოდინი, რომ ღია და დამსახურებაზე დაფუძნებული რეკრუტირების პროცესის ფარგლებში შეივსება ვაკანტური თანამდებობები მართლმსაჯულების სისტემაში კანდიდატებით, რომლებიც აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.
როდესაც საქართველო დაიწყებს ამ პროცესს, სასამართლოს რეფორმის მიდგომის დეტალები, კეთილსინდისიერების შემოწმების ჩათვლით, მჭიდროდ უნდა იყოს კოორდინირებული ვენეციის კომისიასთან და ევროკომისიასთან", - აცხადებს პიტერ სტანო.
ქართული ოცნება წინააღმდეგია ე.წ. ვეტინგის სისტემის. ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.
ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.