NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინისადმი აგრესიის წინააღმდეგ ალიანსის ყველა მოკავშირე ქვეყანას საერთო პოზიცია აქვს.
ისინი რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.
„ახლა, ნამდვილად განსაცვიფრებელია, რომ NATO-ს ყველა მოკავშირე ერთად დგას რუსეთისადმი მოწოდებაში, რომ იმ სამხედრო მობილიზების დეესკალაცია მოახდინოს, რისი ზრდაც გრძელდება უკრაინის გარშემო. ჩვენ ასევე მზად ვართ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და მათ თავდაცვის უფლებას მხარი დავუჭიროთ და ასევე, რა თქმა უნდა, მივაწვდინოთ მესიჯი რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ დიალოგში, რათა შევამციროთ დაძაბულობა და ვიპოვოთ სამომავლო პოლიტიკური გზა. ასე რომ, მოკავშირეები ერთიანები არიან“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ამავე ინტერვიუში სტოლტენბერგმა ჩინეთისა და რუსეთის შეხვედრისას NATO-ს გაფართოების შეწყვეტისკენ ორი ქვეყნის ერთიანი მოწოდების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, NATO ყველა სახელმწიფოს სუვერენულობას და მათ არჩევანს, მათ შორის ალიანსში გაწევრიანების შესახებ, პატივს სცემს.
„ეს ნატოს გაფართოებაზე არაა, აქ საუბარია ყველა სუვერენული ქვეყნის უფლების პატივისცემაზე, რომ აირჩიონ საკუთარი გზა, მათ შორის იმაზეც უნდათ თუ არა მათ იყვნენ NATO-ს წევრი. NATO ამ სუვერენულ, თავისუფალ გადაწყვეტილებებს პატივს სცემს. NATO-ს არცერთი ქვეყნისთვის არასდროს დაუძალებია ალიანსში გაწევრიანება, არამედ ბევრმა ქვეყანამ დემოკრატიული პროცესების გავლით გადაწყვიტა, რომ უნდათ NATO-ში გაწევრიანება.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში NATO-ს გაფართოება წარმატების დიდი ამბავია. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეუერთდნენ ალიანსს, წევრების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამან კი ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას შეუწყო ხელი. ასე, რომ ეს ეხება დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, არ დაუბრუნდნენ გავლენის სფეროების ხანას, სადაც დიდი ძალები წყვეტენ, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა მათ პატარა მეზობლებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა შეხვედრის შემდეგ საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც NATO-ს გაფართოების გეგმების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
თავის მხრივ, რუსეთი მთლიანად უჭერს მხარს ტაივანთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციას და ტაივანის ნებისმიერი ტიპის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.
საერთო განცხადება, რომელიც აშშ-ის ხისტ კრიტიკას მოიცავს, ვლადიმერ პუტინის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
***
უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.
12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით.
თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება.
ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს.
ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია.
გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.