დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოზარ სუბარი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ასევე ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.
როგორც სუბარმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეები ერთმანეთში მორიგდნენ.
"გუშინ, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი იყო. არ ვიცი რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზებული იყო. ალბათ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მომხდარს აბსოლუტურად ემიჯნებიან.
ისინი ამბობენ, ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ პრაქტიკულადო. ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულებისგან და არც ადგილობრივების მხრიდან. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად ცხოვრობდნენ, იცხოვრებენ მომავალშიც. ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემს ამ ვითარებას, მესმის, ზოგიერთ ახალგაზრდას შეიძლება სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ სინამდვილეში, არაფერი არ ხდება", - განაცხადა სუბარმა.
დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.
დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ადგილობრივებმა პოლიციის კორდონიც გაარღვიეს.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.
საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა.
მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.