logo
ENG



სუბარი მელაშვილზე: მსხვერპლი მეგონა, მაგრამ დავრწმუნდი, შეგნებულად ჩადიოდა დანაშაულს

29 იან 202116:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/29/i96ru9vfnxy1dwd.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი დღის კურიერთან საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის მიერ საპატიმროს დატოვების მერე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ დარწმუნდა, რომ მელაშვილი არ არის მსხვერპლი, არამედ დანაშაულს შეგნებულად ჩადიოდა.

მელაშვილმა 28 ნოემბერს ტვ პირველის ეთერში გარეჯაზე საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც მოლაპარაკებას აწარმოებ, ეტაპობრივად მიყვები საკითხს და უცებ თემის აჟიტირებას ახდენ, ამით საქმეს გაფუჭებ: "წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება. სადღაც რაღაც გვაქვს და არიქა ჩვენია. კი არ ეუბნები, რომ მოდი ვიმსჯელოთ, არა, ჩვენია და გინდა თუ არა... ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკებისას რაღაცა ეტაპიდან მიყვები და თანხმდები, როდესაც ხაზს უსვამ და ამბობ, რომ ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. არ არის სწორი, არ დაგითმობს არასდროს. ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას", - განაცხადა მელაშვილმა.

სუბარის თქმით, მელაშვილი თავისი განცხადებებით აღიარებს, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორია მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა სხვა ქვეყანას გადასცა.

"გულწრფელად გეტყვით, სანამ გუშინ ივერი მელაშვილს მოვუსმენდი მეგონა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ბრძანებების შემსრულებელი იყო, მართალია, მელაშვილს დანაშაული ჩადენილი ქონდა, მაგრამ იყო მსხვერპლი. წუხელის დავრწმუნდი, რომ ის შეგნებულად ჩადიოდა იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი. რაც მან ილაპარაკა წუხელის, არის გამაოგნებელი და გაოგნებული ვარ. თუნდაც იმისთვის ღირდა ამ ადამიანის დროებით გარეთ გამოშვება, დროებით ვამბობ სასამართლოს დასრულებამდე, რომ წუხელ მისი პირით გაკეთებული აღიარება მოგვესმინა", - აცხადებს სუბარი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 28 იანვარს  სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა მისცა. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

გუშინვე სამოქალაქო მოძრაობამ "სირცხვილია" მოქალაქეებს მოუწოდა, კარტოგრაფებს გირაოს თანხის გადახდაში დახმარებოდნენ. დაახლოებით, ორ საათში სირცხვილიას ანგარიშზე 47 117 ლარი შეგროვდა. ორგანიზაციის ცნობით, სულ თანხის შესაგროვებლად 1 888 ტრანზაქცია განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ე.წ. კარტოგრაფების საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს მიიჩნევს. ისინი აცხადებენ, რომ ნატალია ილიჩოვა და ვალერი მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მმართველი გუნდი მათ წინა ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყენებს. გარდა ამისა, მელაშვილი და ილიჩოვა იმ პოლიტპატიმართა სიაში არიან, რომელთა გამოშვებასაც ოპოზიცია მოლაპარაკებების დროს ხელისუფლებისგან ითხოვდა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".


close დახურვა