logo
ENG



სწრაფი ტესტების ჩატარება კარგი იქნება, რადგან მეტი გამოვლენილი გვეყოლება - კახა ბეროზაშვილი

26 აპრ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

სულ უფრო აქტუალური ხდება სწრაფი ტესტების ჩატარების სიხშირე. მედიკოსები ამბობენ, რომ ტესტირებების რაოდენობის ზრდა მეტ ინფიცირებულს გამოავლენს. 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორი, კახა ბეროზაშვილი გამოეხმაურა აგრესიული ტესტირების თემას და განაცხადა, რომ მისი ცდომილების მიუხედავად, დაავადებულთა გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია.

„სწრაფ ტესტირებას აქვს ცდომილებაც - ხდება მიზანდასახული ჯგუფების ტესტირება, დაახლოებით 20%-ია ცდომილება, თუმცა ბოლოს ოქროს სტანდარტით მაინც მოწმდება. ტესტირების ზრდასთან ერთად მოიმატებს გამოვლენილი დაავადებულების რაოდენობა. ჩვენთანაც ტარდება ტესტირება. ეს დადებითი იქნება იმდენად, რამდენადაც მეტი გამოვლენილი გვეყოლება", - განმარტავს კახა ბეროზაშვილი.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კი აცხადებს, რომ მისი პრეროგატივა არაა სწრაფი ტესტების ეფექტურობაზე საუბარი, რადგან ის ეპიდემიოლოგი არაა.

„მე ვარ რეანიმატოლოგი, ვერაფერს ვიტყვი სწრაფ ტესტებზე - ეს უნდა ვკითხოთ ეპიდემიოლოგებს", - აცხადებს ლევან რატიანი.

საქართველოში კორონავირუსის 485 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული - აქედან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.


close დახურვა