რუსთავის საქალაქო სასამართლომ ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.
გამოძიების თანახმად, 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლი მოკლეს.
ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ.
სასამართლომ ერთ ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მეორეს - არასრულწლოვან ბრალდებულს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მესამე ძებნილი ბრალდებულის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმის განხილვა.