logo
ENG



ტესტი არაერთხელ მოვითხოვეთ, მაგრამ უარი გვითხრეს - ინფიცირებული სტიქაროსნის დედა

08 აპრ 202014:48
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის სტიქაროსნის დედა, რომელსაც ვირუსი ასევე დადასტურებული აქვს, მისი და მისი ოჯახის წევრების დაინფიცირების მიზეზებზე საუბრობს და სახელმწიფოს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

იგი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან „ფორმულანიუსთან“ საუბარში ყვება, რომ მას შემდეგ, რაც 25 მარტს მათ კორპუსში ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მერიას და გამგეობას სადარბაზოში დეზინფექციის ჩატარებას სთხოვეს, თუმცა მათ უთხრეს, რომ შესაბამისი ხსნარები არ ჰქონდათ. მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაც არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა დიაგნოსტიკა მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც მის მამას ვირუსი დაუდასტურდა.

„ჩვენს სადარბაზოში 25 მარტს დაფიქსირდა კორონავირუსის 4 შემთხვევა. ამის შემდეგ არავინ მოსულა, არც დეზინფექცია ჩაუტარებიათ. დავრეკე მერიაში, გამგეობაში და მითხრეს, რომ ხსნარები არ აქვთ. სწორედ ამის გამო დავავადით ჩვენ, რომ დეზინფექცია არ ჩავატარეთ. მე გარეთ გავდიოდი მხოლოდ პურზე, დანარჩენი იყვნენ სახლში. ჩემი შვილი სტიქაროსანია, მსახურებას არ ატარებდა. გარეთ შემოხაზული იყო და ყველა იქ იდგა პირბადით, თუ ვინმე დადიოდა, ეკლესიაში არავინ შედიოდა. ამის შემდეგ გავიდა 2 კვირა და არავის მოუკითხავს ჩვენი ჯანმრთელობა. შემდეგ მამა გახდა ავად, 2 დღის წინ, დავრეკე სასწრაფოში და მითხრეს, დარჩით სახლში და უბნის ექიმი გამოიძახეთო. უბნის ექიმმა მითხრა, რომ ბინებზე არ დადიან. ამის შემდეგ გამოვიძახე ტაქსი, ჩავსვი მამაჩემი და უკან მოგვადგა ამ დროს სასწრაფო. ეს მოხდა 10 ზარის შემდეგ. კორონიან კაცს გამვლელებმაც მოჰკიდეს ხელი, როდესაც მეხმარებოდნენ მის ტაქსამდე მიყვანაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ სასწრაფოს პირბადე არ ჰქონდა. მამა გადაიყვანეს სასწრაფოთი, მე კი მითხრეს, რომ სახლში დავრჩენილიყავი. აღმოჩნდა, რომ მეც დაინფიცირებული დავბრუნდი სახლში. მეორე დღესაც არავის დაურეკავს. დავუკავშირდი თავად და მითხრეს, რომ მამაჩემს აქვს კორონა. დავუკავშირდი სასწრაფოს და ვთხოვე ტესტის გაკეთება, მაგრამ მითხრეს რომ ისინი არ ატარებდნენ. ინფექციურშიც დავრეკე. სასწრაფომ მითხრა სახლში დარჩით და არ ინერვიულოთ, სიმპტომები არ გაქვთო. საკმაოდ ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი ქუჩაში. არავინ მოსულა და მოვუკითხივართ“, - განაცხადა ქალბატონმა.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქალბატონის თქმით, მამა რეანიმაციულ განყოფილებაშია და მდგომარეობა მძიმეა, თავად მას და მის დას კი, კოვიდ-19-თან ერთად, ფილტვების ანთებაც აქვთ.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 208 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 375 ადამიანი.  48 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა