ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ხელისუფლება აქცენტს სწრაფ ტესტებზე. ისინი ეჭვობენ, რომ ამ გზით მონაცემების მანიპულირება ხდება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მოქალაქეების აგრესიული ტესტირება საჭიროა და ის რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს.
„მთავრობას რეალური ციფრის დადგენა არ აწყობს - ამით იტოვებს მანიპულაციის ბერკეტს. როცა დასჭირდება, ჩაატარებს ბევრ ტესტს და გაახანგრძლივებს რეგულაციებს. თუ არ დასჭირდება, ნაკლებს ჩაატარებს. ეს აქტუალურია წინასაარჩევნო პერიოდში", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე კი ფიქრობს, რომ პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანია ზუსტი რიცხვის ცოდნა.
„არ მინდა პოლიტიკურად საუბარი - აქ არაა წარმატებულობაზე საუბარი, საუბარია ზუსტი რიცხვების ცოდნაზე, რომ ზუსტი ნაბიჯები გადავდგათ ვირუსის წინააღმდეგ", - ამბობს სურგულაძე.
საქართველოში კორონავირუსის 485 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული - აქედან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.