ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ფაიზერის პირველ დოზაზე რეგისტრაციისთვის გამოტანილი იქნება აშშ-ის მიერ ნაჩუქარი 500 ათასი ვაქცინის ნახევარი.
ტიკარაძის განცხადებით, 250 ათასი დოზა ფაიზერით ვაქცინაციისთვის 20-დღიანი ჯავშნის პერიოდი იქნება და პირველი დოზით აცრის მსურველებს შეეძლებათ რეგისტრაცია.
ტიკარაძის თქმითვე, გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად უკვე შემუშავებულია გეგმა და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება როგორც ვაქცინაციაზე მომუშავე ბრიგადების რაოდენობა, ისე მათი სამუშაო დროც.
„ფაიზერის პირველ დოზაზე რეგისტრაციას რაც შეეხება: გამტარუნარიანობისთვის და იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სარწმუნოება, რომ არაა პირველივე წუთებში რეგისტრაცია საჭირო, განმარტავ - გამოტანილი იქნება 250 ათასი დოზა ფაიზერი სლოტად. გავხსნით 20-დღიან ჯავშნების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ფაიზერისთვის არის მობილიზებული ასივე ბრიგადა. იმის მიხედვით, როგორი და სად იქნება მეტი მოთხოვნა, შეგვიძლია სამუშაო საათებისა და ბრიგადების დამატებით გავზარდოთ გამტარუნარიანობა", - განაცხადა მინისტრმა.
24 ივლისს საქართველოში ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა. აღიშნული დოზები ქვეყანას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩუქა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.
ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმით, სინოვაკისა და ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.
დღეს, 23 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი.