logo
ENG



ტიკარაძე: ექიმების დეფიციტი პანდემიამდეც იყო... ამ ეტაპზე, ექიმების დეფიციტი არ არის

08 დეკ 202013:30
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ექიმების დეფიციტი პანდემიამდეც იყო და ეს პრობლემა 1 წელიწადში არ გადაიჭრება. 

თუმცა, ამავდროულად, ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ექიმების დეფიციტი არ არის და ქვეყანაში კოვიდინფექციების გამტარობის მოცულობას მედიკოსები სრულად ფარავენ. 

"ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო და ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც ერთ წელიწადში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების გადამზადებასა და მომზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12 წლამდე და ეს გასათვალისწინებელია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ რიგებს აკლდება ისეთი გმირი ექიმები, რომელიც დაასახელეთ (დღეს ბათუმში 54 წლის ექიმი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა) და ეს შეიძლება ბოლო არ იყოს. თუმცა, ჩვენ ყველა ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ როგორც ადგილზე ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ყველანაირი ხელშეწყობა იმის, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მოხდეს მინიმალური დაზიანება ექიმების. ამ ეტაპზე ექიმების დეფიციტი არ არის და ის მოცულობა, რომლის გამტარობაც ხდება დღეს კოვიდინფიცირებულების, ჩვენი ექიმები ამას სრულად ფარავენ", - განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს, 8 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 3 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდდაიცვალა.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდდა 141 392, გარდაიცვალა - 1 576.


close დახურვა